სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქის თქმით, ფერისცვალება უდიდესი დღესასწაულია და მიგვითითებს იმაზე, რომ ღვთის მადლით, წაყლობითა და დახმარებით, ჩვენც უნდა ვიცვალოთ ფერი.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღვთის წყალობითა და ლოცვა-კურთხევით ყველამ უნდა ვიცვალოთ ფერი. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება გულსა და გონებას. ჩვენ გვწამს, ჩვენი ერის უკეთესი მომავლის“ - ბრძანა უწმინდესმა.
დღესვე, პატრიარქმა ხილი და თაფლი აკურთხა და აღნიშნა, რომ უფლის წყალობით, ეს წელიწადი მშვიდობიანი იქნება.
„დღეს არის კურთხევა თაფლისა და ახალი ხილისა. ღმერთმა ინებოს, რომ ეს წელიწადი და მომავალი დრო იყოს მშვიდობიანი, წყალობა, მშვიდობა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა სუფევდეს ჩვენს შორის“ - ბრძანა უწმინდესმა.
