სვანეთში დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუარესების გამო დროებით შეჩერდა
სვანეთში დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუარესების გამო დროებით შეჩერდა
11:55 19.08.2012
სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტის სამძებრო სამუშაობი ამინდის გაუარესების გამო დროებით შეჩერდა.

როგორც „ნიუსპრესს“ მესტიის საგანგებოს სიტუაციების სამსახურის უფროსმა ვიტალი მარგიანმა აცნობა, სოფელ მულახში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სამძებრო სამუშაოებში დამატებითი სამაშველო ძალის ჩართვა ვერ ხერხდება.

„მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო, რის შემდეგაც მაშველები ხერაშის ხეობაში შესვლას შეძლებენ და სამძებრი სამუშაოებში ჩაერთვებიან. თუმცა, ძლიერი წვიმის გამო სამუშაოები ფერხდება“ - აღნიშნა მარგიანმა.

მისივე ინფორმაციით, მდინარე ხერაში, რომელშიც ტურისტი გადავარდა ადიდებულია და შესაბამისად დაკარგული პოლონელის ძებნა უფრო რთულდება.

ორი პოლონელი ტურისტი გოგონა წუხელ მესტიიდან უშგულის მიმართულებით ნაქირავები ავტომანქანით გაემგზავრნენ. უშგულთან დროებით შეჩერების დროს ერთ-ერთი მათგანი ავტომანქანიდან გადავიდა, მდინარესთან ფეხი დაუცურდა და წყალში გადავარდა.

პოლონელი ტურისტის გადასარჩენად საგანგებო სიტუაციებისა და პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივი სამძებრო სამუშაოები წუხელვე დაიწყეს, თუმცა გოგონას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დაკარგული პოლონელი ტურისტის მოსაძებნად მაშველებმა სამძებრო სამუშაობი დღეს დილით განაახლეს.

ბეჭდვა