წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად, 20-22 აგვისტოს თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ახლად
არჩეული პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით ესტუმრება.
დელეგაცია წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება.
დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე ცენტრალური საარჩევნო და უწყებათაშორისი კომისიების წევრებთან.
ეუთოს დელეგაციის წევრები შეხვდებიან აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტი წევრია გაერთიანებული.
ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა დაფიქსირებული.
