რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ასტრონომიით დაინტერესებულ პატარა მეცნიერს ქაიან ბელქანიას უმასპინძლა
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ასტრონომიით დაინტერესებულ პატარა მეცნიერს ქაიან ბელქანიას უმასპინძლა
17:09 26.07.2019
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გამორჩეული ნიჭისა და საბუნებისმეტყველო საგნებით, ასტრონომიით დაინტერესებულ, წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს - ქაიან ბელქანიას საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ წიგნები გადასცა.

რუსთაველის ფონდისგან საჩუქარი მოსწავლისთვის ერთჯერადი არ იქნება. ფონდი მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ ბავშვს მომავალშიც გაუწევს დახმარებას და ხელს შეუწყობს, ცოდნის გაფართოვებაში - რუსთაველის ფონდი მას ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სფეროში ფონდის დაფინანსებით გამოცემულ ყველა წიგნს აჩუქებს. სამომავლოდ კი უზრუნველყოფს ნიჭიერი მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე, სადაც ის ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას შეძლებს. ფონდის დირექტორმა ქაიან ბელქანია ასევე მიიწვია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

ნიჭიერ მოსწავლესთან შეხვედრას აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი, პროფესორი მაია თოდუა დაესწრო, რომელმაც მოსწავლეს წიგნი ასტრონომიის შესახებ გადასცა და ასწავლა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ტელესკოპი, რათა შეძლოს დაკვირვება ციურ სხეულებზე.

რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, პრიორიტეტი მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციაა. ამიტომ, ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ნიჭიერ მოსწავლეს, რომ გაიფართოვოს ცოდნა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სფეროში.



ბეჭდვა