მამუკა ღლონტი “მაესტროს“ ყოფილი ჟურნალისტის ბრალდებებს „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს
მამუკა ღლონტი “მაესტროს“ ყოფილი ჟურნალისტის ბრალდებებს „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს
18:33 18.08.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ მესაკუთრე მამუკა ღლონტი არხის ყოფილი ჟურნალისტის, მარიკა ჩხიკვაძის მიერ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებულ  განცხადებებს, იმის შესახებ, რომ არხის ხელმძღვანელობა მას მოვლენების ნეგატიურად წარმოჩენას ავალებდა - „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს.

როგორც ღლონტმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ჩხიკვაძეს ტელეკომპანიის თანამშრომლებთან სამსახურებრივი ხასიათის უთანხმოებები ჰქონდათ, რის გამოც ის „მაესტოდან“ გაუშვეს, თუმცა მისი თხოვნით სამსახურში მალევე აღადგინეს. ღლონტის თქმით, ამის შემდეგ პრობლემები ისევ გაგრძელდა და არხის გენერალურმა დირექტორმა ჩხიკვაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ღლონტი ვარაუდობს, რომ არხიდან დათხოვნილი ჟურნალისტის განცხადებების მიზეზი ზემოთ აღნიშნულის გამო შურისძიებაა.

„მაესტროში არ არსებობს ჟურნალისტი, რომელიც რამე ამდაგვარს მაინც დაადასტურებს რომ ვინმე მოვლენების ნეგატიურად გაშუქებას ავალებდეს. რაღა მაინცდამაინც მას დაავალეს. ეს ძალიან ადვილი დასადგენია. ჩხიკვაძემ ალბათ გაბრაზებულ გულზე გააკეთა ასეთი სულელური განცხადებები“-აღნიშნა ღლონტმა „ნიუსპრესთან“ საუბარში.


ჟურნალისტმა მარიკა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა. როგორც ჩხიკვაძემ დღეს მედიას განუცხადა, მასზე არხის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებიდა, კერძოდ კი ჩხიკვაძის თქმით მას ნებისნიერი მოვლენის ნეგატიურ კონტექტსში წარმოჩენას ავალებდნენ.

ჟურნალისტის განცხადებით, არხიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „მაესტროს“ ხელმძღვანელობისგან ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ფაქტის ნეგატიურად გაშუქების შესახებ დავალება მიიღო.


ბეჭდვა