სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა
სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა
14:57 19.07.2019
სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა.

კერძოდ, უნივერსიტეტმა ლაბორატორიების აღჭურვისთვის 86 დასახელების მასალა, ხელსაწყო, მოწყობილობა და 4 სასწავლო სტენდი მიიღო.

აღნიშნული დახმარება კომპანია „თელასმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაუწია. მხარეებმა მემორანდუმს ხელი 2018 წლის ივნისში მოაწერეს და დოკუმენტი 2023 წლამდე მოქმედებს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში; ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.

პირველად „თელასსა“ და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2006 წლის მაისში მოეწერა. ხელშეკრულების ფარგლებში სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლეოდათ სტაჟირება გაევლოთ „თელასში“, ხოლო წარმატებულ სტუდენტებს კომპანია სამსახურით უზრუნველყოფდა.

„თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ფუნქციონირების შედეგად სტუ–ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკულ მომზადებას, ხოლო სს „თელასის“ და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსს .

„კომპანია „თელასი“ ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს მეცნიერების და განათლების სფეროს განვითარებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დღევანდელი დახმარებაც არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი“ - განაცხადა სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.



ბეჭდვა