შოვის ეკლესიის მოძღვარი და მისი მრევლის რამდენიმე წევრი კატასტროფის ცენტრის ბრიგადას რაჭიდან თბილისში გადმოჰყავს.
საკურორტო ზონაში მწვავე ინტოქსიკაცია 4-მა მოქალაქემ მიიღო.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ისინი სოკომ მოწამლა, თუმცა თბილისში უკვე გადმოყვანილი ერთი პაციენტისთვის ჩატარებული ბიო-ქიმიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი კერძის მომზადების დროს გამოყენებული კენკროვანი მცენარე გახდა.
მათ ინტოქსიკაციის პირველი ნიშნები მცენარის მიღებიდან 3 საათის შემდეგ გამოუვლინდათ. მოქალაქეებს თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.
თავდაპირველად, 4-ვე პაციენტი რაჭის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მდგომარეობის გართულების შემდეგ, მათი დედაქალაქში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ დროისთვის ერთ-ერთ მოწამლულს, 23 წლის გოგონას წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობა უტარდება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გოგონა უგონო მდგომარეობაშია და ჰალუცინაციური სინდრომი აღენიშნება.
