ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი თეა ალავერდაშვილი გურჯაანში მასთან დაკავშირებით მომხდარ ინცინდენტს, რომლის შედეგადაც ხელი
დაუზიანდა, შეგნებულად გაკეთებულს უწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ჟურნალისტმა განუცხადა, ინცინდენტი სპონტანურად და მიზანმიმართულად მოხდა, რადგან ერთ-ერთმა პიროვნებამ შეხედა რომ ის კართან იდგა, შემდეგ კი კარს ფეხი დაარტყა, რა დროსაც ალავერდაშვილს კარში ხელი მოყვა.
„კარი ოდნავ ღია იყო. შევეცადე, რომ შევსულიყავი და კარს ხელი მოვკიდე. ამ დროს იმ პიროვნებამ ჯერ უკან მოიხედა, ზუსტად ვიცი, რომ მზერა ხელზე იყო, შემდეგ კი კარს ფეხი დაარტყა“ - აცხადებს დაზარალებული.
მისი თქმით, ინცინდენტი გურჯაანის გამგებლის საჯარო მისაღების კართან მოხდა, რომელიც ყოველთვის ღიაა და სადაც შეხვედრისთვის მისული მოსახლეობა იცდის.
ალავერდაშვილის განცხადებით, ჟურნალისტები გურჯაანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც გამგეობიდან სტიქიით დაზარალებული ხანდაზმული ქალბატონი გამოვიდა.
„ქალბატონი ემოციურ მდგომარეობაში იყო და ყვიროდა, რომ სახელმწიფო არ ეხმარება და ერთი თვეა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ის ასევე, აცხადებდა, რომ გამგებელთან შეხვედრას ვერ ახერხებს“ - განაცხადა ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, ქალბატონმა აქციის მონაწილეებს გამგეობის შენობასთან გაყოლა სთხოვა, რაზეც აქციის რამდენიმე მონაწილე დათანხმდა. ქალბატონს გამგეობასთან ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გაყვნენ.
„გამგებელი თავის ოთახში არ დაგვხვდა. ქალბატონი გამგებლის მოადგილის გიორგი პეტროზაშვილის ოთახში შეიყვანეს. პეტროზაშვილმა კამერების დანახვაზე მოითხოვა, რომ კაბინეტი დაგვეტოვებინა. მან კაბინეტში არც სტიქიით დაზარალებული ქალბატონი შეუშვა“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.
ჟურნალისტის თქმით, ოთახიდან გამოსული ქალბატონი საჯარო მისაღებში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
მისივე ინფორმაციით, ამ დროს პოლიციაც გამოიძახეს, საჯარო მისაღების კარი ჩაკეტეს და ჟურნალისტები იძულების ძალით გარეთ გაიყვანეს.
„გვინდოდა შევსულიყავით და ქალბატონის მდგომარეობა გაგვეგო. ჩემს წინ კარში სამოქალქო ფორმაში ჩაცმული ორი ახალგაზრდა შევიდა. როგორც შემდეგ მითხრეს ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ერთ-ერთმა მომხედა და კარს წიხლი ჰკრა, რა დროსაც ხელი მომყვა“ - განაცხადა ჟურნალისტმა.
თეა ალავერდაშვილს ინცინდენტის შედეგად, სამ თითზე სისხლჩაქცევები და ძლიერი დაბეჟილობა აღენიშნება. ასევე, რენტგენმა ხელის მტევნის ძვლის გაბზარვა აჩვენა.
