გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეს იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეს იწყება
09:42 18.08.2012
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეიდან იწყება.
„ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას გარკვეული წესები  აქვს.
კერძოდ, მონადირე ვალდებულია, თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირი, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტები გააჩნია, უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისთვის დადგენილი წესების, ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 1 მარტამდე.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ნადირობის დროს აკრძალულის მცენარეული საფარის დაწვა, ცხოველების ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველების მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფების დაგუშაგება, ასევე, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან და სხვა.
ნადირობა გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის რეგისტრაციის მოწმობის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებითა და მოწყობილობებით წარმოადგენს ნადირობის წესების დარღვევას და ისჯება კანონით.


ბეჭდვა