სააგენტო „ინფო9“-ს მიმსგავსებული საინფორმაციო პორტალის Info9.com.ge -ს შექმნას სააგენტოს დირექტორი მანანა ელიაშვილი კანონდარღვევას უწოდებს.
როგორც ელიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, დარღვეულია საავტორო უფლებები, მოპარულია სასაქონლო ნიშანი, სლოგანი, სააგენტოს დიზაინი, ვებ-გვერდის სტრუქტურა და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ „ინფო9“-ის მომხმარებელი.
„ამ საკითხზე მუშაობენ იურისტები და იმედი მაქვს, მალე მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რომ ეს უკანონობა აღიკვეთოს“ - აღნიშნა ელიაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მოწმდება ინფორმაცია „ფსევდო ინფო9-ის“ წარმომადგენლების მიერ სააგენტო „ინფო9“-ის სახელით პროვოკაციების მოწყობის შესახებ.
ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ელიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს კრიმინალურ და დასჯად ქმედებას, რის შესახებაც სააგენტო დღეს განცხადების გავრცელებას გეგმავს.
„ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რამდენად სერიოზულ საქმეს აკეთებს „ინფო9“. ერთადერთი, რითაც ვაპირებთ მათ დავუპირისპირდეთ, ესაა უფრო კარგად მუშაობა“ - აღნიშნა ელიაშვილმა.
ახლადშექმნილი ვებ-პორტალის გვერდზე დღეს განთავსდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ info9.com.ge-ს დამფუძნებელი არის ტელეკომპანია „რეალTV“-ს ყოფილი ვიდეომემონტაჟე გიორგი ალთუნაშვილი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პორტალი შეისყიდის ნებისმიერ სკანდალურ ვიდეომასალას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და წევრების შესახებ, რათა „ეს მასალები საბოლოოდ თავად ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიონად მიყიდოს“.
თავად „ინფო9“-ში აცხადებენ, რომ ახალ ვებპორტალზე ატვირთულია „რეალ TV“- სა და „ITV“-ზე უკვე გამოქვეყნებული მასალები.
