„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მიხედვით, 26 646 ამომრჩევლიდან 0,66% გარდაცვლილია
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მიხედვით, 26 646 ამომრჩევლიდან 0,66% გარდაცვლილია
16:41 16.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, 26 646 ამომრჩევლიდან 0,66% გარდაცვლილია.

ამის შესახებ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია ასახული, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, სხვა მისამართზეა გადასული - 5,795%, საქართველოში არ იმყოფება - 5,13%, სხვა ქალაქშია გადასული - 6,68%, ხოლო 2,51%-ს მესაკუთრე არ იცნობს.

პროექტ „კარდაკარის“ შედეგების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ 9 ათას 80 ვიზიტისას 26,09%-ის შემთხვევაში ამომრჩეველთა ბინა დაკეტილი აღმოჩნდა, 2,29%-ის შემთხვევაში მისამართი არ არსებობს, რეგისტრირებულ 7,86%-ს კი, არავინ იცნობს.

შედეგების მიხედვით, საერთო ჯამში 26 646 რეგისტრირებული პირიდან 23 909-ის რეგისტრაცია დადგინდა.

რეგისტრატორი ფორმის შესაბამის გრაფებში ჩანიშვნას 89,09%-ის შემთხვევაში ყოველთვის აკეთებდა, 10,28%-ის შემთხვევაში - ზოგჯერ, ხოლო 0,68%-ის შემთხვევაში - არასდროს.

90,63%-ის შემთხვევაში რეგისტრატორი მისამართზე იყო მისული, ხოლო 8,79%-ის შემთხვევაში არა. რეგისტრატორთა 99,47%-ს რომელიმე პარტიის სასარგებლო აგიტაცია არ უწარმოებია, ხოლო 5-მა რეგისტრატორმა აგიტაცია კონკრეტულ პარტიას გაუწია. მონიტორინგის მიხედვით, 5-დან 3 შემთხვევა გლდანში დაფიქსირდა, 1 - თერჯოლაში და 1 - რუსთავში.

15 გარდაცვლილი პირიდან გარდაცვალების შესახებ განცხადება 13-ის შემთხვევაში დაიწერა, 1 განცხადება არ არის დაწერილი, ხოლო ერთის შემთხვევაში, რესპონდენტს არ ახსოვს დაწერა თუ არა.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები დღეს სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა.

კომისიის საქმიანობა სამი მიმართულებით შეფასდა. კერძოდ, რეგისტრატორების შერჩევის მონიტორინგი, რეგისტრატორთა ტრენინგების მონიტორინგი და „კარდაკარის“ პროცესის მონიტორინგი.

მონიტორინგი ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინასებით ჩატარდა.

ბეჭდვა