ავიაკომპანია Fly Georgia-ში თბილისი-ბათუმის რეისის თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართობასა და ბათუმში ჩაფრენის დროს ავარიული ვითარების შექმნას უარყოფენ.
როგორც „ნიუსპრესს“ Fly Georgia-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გაფრენილმა ავიალაინერმა ბათუმის აეროპორტში დაჯდომა ვერ მოახერხა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი მხოლოდ უამინდობა იყო, კონკრეტულად კი, ადგილი ჰქონდა დაბალ ხილვადობას.
„გამომდინარე იქიდან, რომ ავიაკომპანია თავისი მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მიიღეს გადაწყვეტილება, ბათუმის აეროპორტში არ დამჯდარიყვნენ, გამოფრენილიყვნენ თბილისში და რეისი შემდეგ შესრულებულიყო“ - განაცხადეს პრესსამსახურში.
კომპანია გადადებული რეისს მას შემდეგ შეასრულებს, რაც ბათუმის აეროპორტიდან, თვითმფრინავის დაჯდომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.
რაც შეეხება Fly Georgia-ს ავიარეისებს, პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრენები კვირაში 5-ჯერ სრულდება. სავარაუდოდ, თვის ბოლოს კი, ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება. Fly Georgia-მ ბათუმის მიმართულებით ფრენა 3 აგვისტოს დაიწყო.
