სააგენტო „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტების გამოუძიებლობისა და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო, ძალადობამ ყოველკვირეული ხასიათი მიიღო
- ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ინფო9“-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, ლანჩხუთში სააგენტოს ოპერატორის დავით ჩავლეიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრისას.
მისი თქმით, ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით, თუმცა, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის მიუხედავად, პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინა.
ელიაშვილის ინფორმაციით, დავით ჩავლეიშვილი, რომელიც თავის არეში მიყენებული დაზიანებებით გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე სახლშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად და საქმის შემდგომი სამართლებრივი წარმართვისთვის, შესაძლოა, დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
„ჩვენ ყველა საქმეს ბოლომდე გავყვებით. თუ ეს დაუსჯელობა გაგრძელდება და ჟურნალისტებზე ზეწოლა ტრადიციად იქცევა, თუ საქართველოში ვერ მივაღწევთ ვერაფერს, იმედია დამნაშავეები საერთაშორისო სამართლის ძალისხმევით მაინც დაისჯებიან“ - განაცხადა ელიაშვილმა.
მისი თქმით, „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის თუნდაც რომელიმე ფაქტზე რეაგირებისა და დამნაშავეების დასჯის შემთხვევაში, ახალი ფაქტი აღარ მოხდებოდა.
„ყოველ კვირა ახალ-ახალი ფაქტი ემატება. ხვალ იწურება 10 დღიანი ვადა, როდესაც ჩვენს მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორის კომისიასა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეტანილ განცხადებაზე პასუხი უნდა მივიღოთ“ - აღნიშნა ელიაშვილმა.
15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, "ინფო9"-ის ჯგუფის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დარტყმის შედეგად ოპერატორს კამერა სახეში მოხვდა, რის გამოც მარჯვენა თვალი დაუზიანდა და მას, ასევე, თავი აქვს გატეხილი.
ინციდენტი „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფის მიერ, გამგეობის შენობიდან საჯარო მოსამსახურეების მიკროავტობუსებით ბათუმში კონცერტზე ორგანიზებული გადაყვანის ფაქტის გადაღებას მოჰყვა.
