პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ უახლოეს დღეებში პარტიის მისამართით პროვოკაციულ თავდასხმას ელის - ამის შესახებ
„განახლებული საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებიდ თანახმად, საქმე უპასუხისმგებლო და აბსურდულ ბრალდებებს შეეხება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ამ მიზნით, ჩვენი პარტიიდან ცოტა ხნის წინ დისტანცირებული ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ჩვენს მხარდამჭერებს უკავშირდება და საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც როგორც სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვეთ, პარტიის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს გააკეთებენ“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზაკვრული გეგმის სისრულეში მოსაყვანად, ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი პარტიისთვის ისეთი ბრალდებების წაყენებას ცდილობს, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ.
„მსგავსი ქმედებებით ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა არ გამოუვათ. სიმართლე ჩვენს მხარეზეა, რასაც სათანადო არგუმენტებით დავადასტურებთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
„განახლებული საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ პარტიის წინააღმდეგ დაგეგმილი ავანტიურა პროვოკაციაა და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
