18 ივნისს, 11:00 საათზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული
აღმოსავლეთი“ II გახსნის ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს. კვირეული რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას მოიცავს და მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მისი მიზანია თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა.
საქართველომ შუა საუკუნეებში დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების განვითარებაში ამდენად, მისი ურთიერთობა ბიზანტიასა და აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან უაღრესად აქტუალური თემაა. კონფერენციის ფარგლებში გაიხსნება ძველი ქართული ხელნაწერების გამოფენა. მხოლოდ ერთი დღით, საცავს რამდენიმე საათით დატოვებს მეცხრე საუკუნის უნიკალური ბერძნული ხელნაწერი, კორიდეთის სახარება, რომელიც კარგად წარმოაჩენს ქართული და ბიზანტიური კულტურის მჭიდრო კავშირს.
გარდა კონფერენციისა გაიმართება საერთაშორისო სემინარი, ჩატარდება ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ლექციები. აღნიშნული ღონისძიებები დასტურია იმისა, რომ უცხოელ მეცნიერებს დიდი ინტერესი აქვთ ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ. ცენტრის 61 წლიანი არსებობის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სხვადასხვა ცნობილ მკვლევართან, სამეცნიერო ცენტრთან, უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტთან ურთიერთობა.
