დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
13:20 16.06.2019
დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე, 8 615 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამჟამად კი, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. ასევე, საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კლაპროთის ქუჩის ნაწილზეც, სადაც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სამუშაოების განხორციელება იმ ქუჩებზე, სადაც მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევს. პროექტის დასრულების შემდეგ, ფეხით მოსიარულეებისთვის და ავტომობილებისთვის აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 527 612 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.

ბეჭდვა