პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა.
მან ახალგაზრდებს C ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებით პარტიის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, დაავადების გავრცელების მასშტაბებმა ისეთი სახე მიიღო, რომ პარტიამ ამ პრობლემის მოგვარება თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის გავრცელებით აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
„დაავადებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ამასთან, ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს დაავადება განსაკუთრებით ზუგდიდშია გავრცელებული"- განაცხადა გაყრელიძემ და დასძინა, რომ C ჰეპატიტის მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ხელს უწყობს დაავადების სახიფათო მასშტაბით გავრცელებას.
„ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს აღნიშნული დაავადების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, სადაზღვევო მომსახურების არც ერთ პაკეტში არ შედის ჰეპატიტების დიაგნოსტიკა, ანტივირუსული მკურნალობის ანაზღაურება და სხვა ჰეპატოტროპული მედიკამენტების დაფინანსება.
„ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა დაფინანსდეს C ჰეპატიტით დაავადებული მინიმუმ 2000 პაციენტის მკურნალობა. კლინიკებსა და ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალი რისკია, სტერილიზაციის წესების დაცვაზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს“- განაცხდა გამყრელიძემ.
„ახალი მემარჯვენეები“ ქვეყანაში ღვიძლის გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასაც ითხოვენ, რაც მათი განმარტებით, საწყის ეტაპზე მოწვეული სპეციალისტების მიერ უნდა განხორციელდეს.
