პირველი რესპუბლიკის მოედანზე, „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული
განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება. მასშტაბური ღონისძიების მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან. „უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: დარგობრივი კონფერენცია „Expert to Expert talks“, სახალხო ღონისძიება და Skills4Georgia talks.
15 ივნისს, 11:00 საათიდან, რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცე დარგობრივი კონფერენციის „Expert to Expert talks“ ოფიციალურ გახსნას უმასპინძლებს, სადაც 150-მდე ექსპერტი და მოწვეული სტუმარი პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. 22 გერმანელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებს, რაც ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს. კონფერენციის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება, ხოლო 15:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სახალხო ღონისძიებაზე მიმდინარე აქტივობებს დაათვალერებს.
სახალხო ღონისძიების ფარგლებში, რესპუბლიკის მოედანი წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცის სახით. თითოეულ სივრცეში შეიქმნება სიმულაციები დამთვალიერებლისათვის. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გამოცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიაში, მიიღონ ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, ასევე, გაეცნონ გერმანიის საელჩოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა გადამზადების კურსს, პროგრამასა და ინიციატივას.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათიდან დიდ სცენას დაიკავებს ელის ბენდი, 19:00 საათიდან მათ ჩაანაცვლებს ელენე კალანდაძე, 20:00 საათიდან კი DJ წვეულება დაიწყება.
Skills4Georgia Talks-ის ფარგლებში, 16 ივნისს, რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცე ღია და საინტერესო საუბრებს დაეთმობა. ქართველი ექსპერტებისა და გერმანული კომპანიის Studio2B წარმომადგენლები ისაუბრებენ პროფესიულ უნარების მნიშვნელობაზე.
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, ერთი მხრივ, წარმოაჩენს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ, მრავალწლიან თანამშრომლობას, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს პროფესიული განათლების მნიშვნელობას დასაქმებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს და საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპულიკის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან KFW Development Bank, German Sparkassen Finance Group , GIZ, DVV International და კარიტას საქართველო.
