„აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილები ხელისუფლებისგან მიღებული გაკვეთილის ჩაბარებას არჩევნებზე გეგმავენ
„აფხაზეთიდან“ გამოსახლებული დევნილები ხელისუფლებისგან მიღებული გაკვეთილის ჩაბარებას არჩევნებზე გეგმავენ
14:34 15.08.2012
სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოსახლებულმა დევნილებმა საცხოვრებელი ფართების გამოყოფის მოთხოვნით აქცია გამართეს.

დევნილთა აქცია იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ერთი წლის წინ, სასტუმრო „აფხაზეთი“ მდებარეობდა და 22 წლის წინ, ცხინვალიდან წამოსული დევნილები ჩაასახლეს.

როგორც „ნიუსპრესს“ დევნილმა მეგი გოჩაშვილმა განუცხადა, ხელისუფლებამ სასტუმროდან გამოსახლებით მათ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება გამოავლინა.

„დღეს აქ შეკრებილები გაერთიანებული ოჯახებიდან ვართ. ხელისუფლებამ სასტუმროდან გამოსახლების შემდეგ, რამდენიმე ოჯახი გაგვაერთიანა და 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოგვცა. ეს თანხა გავიყავით და ისიც აქეთ-იქით სიარულში დაგვეხარჯა. დევნილთა უმეტესობა უმუშევარია“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.

„იქნებ ახალმა მინისტრმა დალი ხომერიკმა თბილისის მასშტაბით გარკვეული ტერიტორია გამოგვიყოს ან ერთი კორპუსი აგვიშენონ, სადაც სულადობას გაითვალისწინებენ, ადამიანურად შეგვასახლებენ და ფართებს დაგვიკანონებენ“-განაცხადა გოჩაშვილმა.

აქციაზე შეკრებილი დევნილების თქმით, ისინი ხელისუფლებამ სასტუმროდან გასახლებით ქუჩაში დატოვა, რის შემდეგაც, იძულებული გახდნენ ამ კომპენსაციის მიღებაზე დათანხმებულიყვნენ.

„8 და 10 სულიან ოჯახებს გაერთიანებული კომპენსაცია მოგვცეს. ზოგიერთი დღემდე ქირით ცხოვრობს, ზოგი კი, უცხო ოჯახებსაა შეფარებული. არავინ თქვას, რომ საქართველოში დევნილი არაა. დღეს ყველა ქართველი სამშობლოში პოტენციური დევნილია“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათივე თქმით, ხელისუფლებისგან ძალიან კარგი გაკვეთილები მიიღეს, ამიტომ, ამ გაკვეთილებს არჩევნების დღეს ჩააბარებენ.

დევნილების შეფასებით, დღეს „ხუთიანი“ დაბალ შეფასებას ნიშნავს და ამდენად, მათი თქმით, ქართველებს მასზე მაღალი ქულა სჭირდებათ.

დევნილები მინისტრთან შეხვედრის მიზნით მსვლელობით სამინისტროსკენ გაემართნენ.

ბეჭდვა