სტუდენტთა საგრანტო პროგრამას წელს რამდენიმე კატეგორია დაემატა.
როგორც დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სახელმწიფო გრანტიდან სრულ დაფინანსებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი სტუდენტები მიიღებენ.
მისი თქმით, საუბარია ბავშვთა სახლებში აღზრდილ მოქალაქეებზე.
„მთავრობის დადგენილებით მოქმედებს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სხვადასხვა კატეგორიების სტუდენტებს სრულად აფინანსებს. აღნიშნული სია, 25 აგვისტოს, მას შემდეგ გვეცოდინება, რაც იმ სტუდენტების სია გამოქვეყნდება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ“ - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე ინფორმაციით, ძალაში რჩება დანარჩენი კატეგორიების დაფინანსების პირობები.
დეკანოიძის თქმით, გასული 7 წლის მსგავსად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები და მარჩენალდაკარგულები სახელმწიფოსგან წელსაც დაფინანსდებიან.
მინისტრის განცხადებით, სრულად დაფინანსდებიან ასევე, სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწავლობდნენ, სტუდენტები, რომლებიც მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველთა ოჯახების წევრები არიან.
მსურველებმა დაფინანსების მისაღებად განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განათლების სამინისტროში 8 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.
