ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი საკუთარი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ შუკვანის
მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ამ არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია.
შუკვანის განცხადებით, ის სწორედ არაჯანსაღი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
„საზოგადოებამ კარგად იცის ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ჩემს თავს გადახდენილი ისტორია. თუმცა, ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ ჩემი ამბით არ შემოიფარგლება. ახლა ლონდონში ვიმყოფები, გავდივარ იურიდიულ კონსულტაციებს და ვაპირებ საერთაშორისო სასამართლოს მივმართო“ - ნათქვამია განცხადებაში.
შუკვანის თქმით, ის სიმართლის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს და ყველა იმ მძიმე რეალობას გამოააშკარავებს, რაც დღეს ქართულ სპორტში არსებობს.
ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოდიოდა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.
შუკვანის თქმით, მან შეჯიბრი არასამართლიანი მიდგომის გამო წააგო. კონკრეტულად, სპორტსმენი აცხადებს, რომ ფრანგ მეტოქესთან ასპარეზობისას მას თითიდან სისხლი წამოუვიდა, რომლის დროსაც მსაჯი ვალდებული იყო შეხვედრა შეეჩერებინა და სპორტსმენისთვის ტრავმის დასამუშავებლად დრო მიეცა, რაც არ მოხდა.
მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა შუკვანის თხოვნა მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტებასთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. ამასთან, შუკვანის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მისი სიმპათიების გამო, მას მინისტრი და მისი მეგობარი გია უდესიანი ავიწროებდნენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ძიუდოისტისა და „ქართული ოცნების“ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ ჰქონდათ.
