უამინდობის გამო უშბიდან სომეხი ალპინისტის ჩამოყვანა კვლავ ვერ ხერხდება
უამინდობის გამო უშბიდან სომეხი ალპინისტის ჩამოყვანა კვლავ ვერ ხერხდება
19:16 12.08.2012
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება უშბიდან ერთი სომეხი ალპინისტის ჩამოყვანა და ასევე დაღუპული  რუსი ალპინისტის ცხედრის გამოტანა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია ჯაფარიძემ განუცხადა.
მანამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპული სწორედ სომეხი ალპინისტი იყო.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, სომეხმა ალპინისტმა უშბაზე მარტო ასვლა გადაწყვიტა და 4 500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გამგებლის თქმით, ალპინისტს აფრთხილებდნენ, რომ ასეთ რთულ მარშრუტზე მარტო არ უნდა წასულიყო, თუმცა მან ადგილობრივ მთასვლელებს არ დაუჯერა.
ჯაფარიძის ინფორმაციით, მის ჩამოყვანას უკვე მეოთხე დღეა მაშველები უშედეგოდ ცდილობენ.
„დღეს მაშველებმა 4-5 ჯერ სცადეს ვერტმფრენით მისი გადმოყვანა, თუმცა ქარბუქის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება რუსი ალპინისტების 3-კაციან ჯგუფს, გადარჩენილ ორ ალპინისტს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო დაღუპულის გადმოყვანა მესტიამდე ასევე მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება.



ბეჭდვა