ქართული მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით
საზეიმო წირვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება.
ცოტნე დადიანი საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი იყო, რომელიც XIII საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა. უმეფობის ხანაში მონღოლებმა ის რაჭის ერისთავთან ერთად, დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს.
1245 წელს ცოტნე დადიანი კოხტასთავის შეთქმულებაში მონაწილეობდა, რომლის მიზანი მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა იყო. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. შეთქმულების სხვა მონაწილეთა გამოტეხის მიზნით, ისინი თაფლწასმულები მცხუნვარე მზეზე დასვეს. ცოტნე დადიანი დაპატიმრებას შემთხვევით გადაურჩა. ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი.
ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები ქართველთა სიმართლეში დაარწმუნა და ყველა გაათავისუფლეს.
1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ეკლესიამ წმინდანის ხსენების დღედ 12 აგვისტო დაადგინა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად, ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.
