ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნაჩვენებ პირებს, რომლებიც ზუგდიდის მეორე სამმართველოს ეზოში წვრთნას გადიან,
ე.წ. „ნებაყოფლობითი რეზერვის“ წევრებად მიიჩნევს.
ამის შესახებ ექსპერტმა „ნიუსპრესთან“ საუბარში აღნიშნული სიუჟეტის კომენტირებისას განაცხადა და დასძინა, რომ გარდა „ნებაყოფლობითი რეზერვის“ წევრებისა, წვრთნაში, სავარაუდოდ, ე.წ. „ზონდერ-ჯგუფების“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
„დიდი ალბათობით, იქ ასევე, არიან ადამიანები, რომელთაც ზონდერშემადგენლობებში ავი ქმედებების საკმაო გამოცდილება აქვთ “ -განაცხადა მან.
ექსპერტი სიუჟეტში ნაჩვენებ წვრთნას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ფაქტია, „საკუთარ სიმაღლეზე გრძელი ფარები“ უიარაღო ხალხზე იერიშის მისატანად უფრო გამოდგება, ვიდრე იარაღიანი ხალხისგან თავდასაცავად.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი შეიარაღებული რაზმების შექმნის ძირითადი მოტივაცია, საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ ადგილობრივი ხელისუფლების დაცვაა.
„ხელისუფლებას სურს, თითოეულ სოფელში ეგულებოდეს ათიოდე შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც უფრო მარტივად ექვემდებარებიან სახელისუფლებო აგიტაციას და ადგილობრივი გამგებლის დაცვის ფუნქციას შეასრულებენ. მათვე დაევალებათ თანასოფლელების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა“-აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, სიუჟეტში ნაჩვენები კადრები „საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებენ“.
„როდესაც ჩამოძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილი ასაკოვანი მამრი იძულებით ცდილობს, გამოცდილი მეომრის შთაბეჭდილება შექმნას, სინანულის გრძნობას იწვევს“-განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება „ნებაყოფლობით რეზერვს“ უწოდებს, რეალურად მმართველი გუნდის მძევლები არიან.
10 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ნაჩვენებია ზუგდიდის მეორე სამმართველოს ეზოში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანის წვრთნის პროცესი. კადრებში ასახული მოქალაქეები ფარებითა და ხელკეტებით არიან აღჭურვილი.
