ქუთაისში დღეს ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია შეიქმნა.
როგორც ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ წერეთლის, ტიციან ტაბიძისა და ფოთის ქუჩების სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლება ყველა დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება.
„არც ერთი დაზარალებული ოჯახი ჩვენი ყურადღებისა და მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება“- განუცხადა „ნიუპრესს“ ქუთაისის მერმა.
ძლიერმა წვიმამ ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დატბორა და 25 ოჯახი დააზარალა. წყლით აივსო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
კეთილმოწყობისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ქალაქის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
