საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მასშტაბური პროექტი - „საქართველო, ევროპა“ იწყება.
პროექტი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში საერთაშორისო ფორუმით - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ გაიხსნება. ფორუმს გახსნიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი კარლ ჰარცელი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე.
ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები, ევროპის წამყვანი ექსპერტები, ხელოვანები, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
