„კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" - კონკურსის დასკვნითი ეტაპი დღეს გაიმართება
„კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" - კონკურსის დასკვნითი ეტაპი დღეს გაიმართება
18:31 05.05.2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის: „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დასკვნით ღონისძიებაზე, რომელის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

საერთო მიზნით გაერთიანებულმა სამუზეუმო, საგანმანათლებლო და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებმა განახორციელეს ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული მასშტაბური, ინოვაციური სტუდენტური კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში. კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.

კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა.

დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც საპატიო და ორიგინალურ ჯილდოებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.

დასკვნით ღონისძიებასა და მიღების ცერემონიალს მუსიკალურად გააფორმებს Tete Noise.

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი „ჯეოლაბი“, ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონი“ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების „ვენდისი“, „ბადაგონი“, „ნაკადული“ და „სანტე“ მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

ბეჭდვა