უწყებათაშორისი კომისია სამთავრობო პროექტების ამსახველი ვიდეორგოლების ეთერში განთავსების შეჩერებას ითხოვს
უწყებათაშორისი კომისია სამთავრობო პროექტების ამსახველი ვიდეორგოლების ეთერში განთავსების შეჩერებას ითხოვს
17:47 09.08.2012
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით იმ ვიდეო რგოლების განთავსების შეჩერებას მოითხოვს, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს.
ამის შესახებ კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში საუბარია შემდეგ ვიდეორგოლებზე - „ენერგოდამოუკიდებელი საქართველო“, „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება“, „დამზადებულია საქართველოში“, „მთავრობის 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა“, „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში“, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
უწყებათაშორისი კომისია განმარტავს, რომ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნას, რის წინაპირობასაც საქართველოს საარჩევნო კოდექსი ქმნის. კოდექსის თანახმად კი, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტების ან მათი საარჩევნო ნომრის გამოყენება აკრძალულია. კანონმდებლობა, ასევე, აწესებს შეზღუდვას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდური მასალის დამზადებაზე, რომელშიც ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან არჩევნებში მონაწილეების რიგითი ნომერია ასახული.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებში არც საარჩევნო სუბიექტი, არც მისი საარჩევნო ნომერი არ ფიგურირებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს სოციალური რეკლამის საარჩევნო აგიტაციასთან გაიგივება, კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩერონ სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული“-ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის განცხადებაში.

ბეჭდვა