თბილისის წყალმომარაგების სრული აღდგენა დღეს, 18:30 საათიდან ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი.
როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
აღნიშნული, საქართველოს ენერგოსისტემაში 13:20 საათზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო, ამ დროისთვის თბილისის უმეტეს რაიონს წყალი არ მიეწოდება.
კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის არ ქონის გამო, თითქმის, 1 საათის განმავლობაში, ვერ ფუნქციონირებდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებული ყველა სათავო ნაგებობა და სატუმბი სადგური, მათ შორის, ღრმაღელისა და სამგორის საფილტრო სადგურები.
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სათავო ნაგებობებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 14:20 საათიდან ეტაპობრივად დაიწყო, დედაქალაქის წყალმომარაგება 4 საათის განმავლობაში კვლავ შეფერხებებით განხორციელდება, რადგან ტექნიკური პროცესების გამო, წყალსადენის ქსელებისა და სამარაგო რეზერვუარების შევსება, წყალმომარაგების რეჟიმების დარეგულირება და წყლის მიწოდების აღდგენა გაცილებით მეტ დროს ითხოვს“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, სათავო ობიექტების ელექტროენერგიით ჩვეულ რეჟიმში მომარაგების პირობებში, თბილისის სრული წყალმომარაგების აღდგენა დღეს, 18:30 საათიდან, ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი.
