დმანისის მუნიციპალიტეტში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
დმანისის მუნიციპალიტეტში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა
10:30 21.04.2019
"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს "მოურავი" "მთის ძირი" "იმედი" და "ბოსლები" სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების" სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას.

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.
ბეჭდვა