ვილნიუსში, ლიტვაში რუსეთის საელჩოს წინ შეკრებილმა საზოგადოებამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა მოითხოვა.
საელჩოსთან შეკრებილებმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს, რუსეთს მსოფლიოს წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენეს და მათი შესრულებისკენ მოუწოდეს.
„ეს აქცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამართული სხვა აქციების შემადგენელი ნაწილია“-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში გიორგი ქერდიყოშვილმა.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს რუკაზე სიმბოლური ხელმოწერები დატოვეს და ლიტვაში რუსეთის საელჩოს გადასცეს.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
