წიგნის „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“ პრეზენტაცია დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, წიგნის ავტორები არიან ანდრო კაჭარავა და ალექსანდრე დაუშვილი, რომლებმაც ნაშრომში საქართველოს ისტორიის მეტად რთული პერიოდი ასახეს.
ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას თავისუფალი საქართველოს საგარეო პოლიტიკას, კერძოდ, თურქეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და „ანტანტის“ ქვეყნებთან დამოკიდებულებას აქცევენ.
წიგნში ასახულია თუ რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი, საქართველო, რუსეთის რევოლუციის შემდგომ პერიოდში.
ნაშრომში უახლესი მასალის გათვალისწინებით და პოპულარული ფორმით გადმოცემულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის, მისი პოლიტიკური განვითარების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორია.
ავტორებმა წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მამულიშვილთა ხსოვნას მიუძღვნეს.
