1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„30-მა წელმა უცებ გაირბინა. ამ 30 წლის განმავლობაში ყველამ იცის საქართველოში 9 აპრილს რა მოხდა. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაიღუპნენ ჩვენი გოგო-ბიჭები და ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება, მართალია მძიმე მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეს არის გამარჯვება, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ. ეს არის ერის კონსოლიდაციის უპრეცენდენტო მაგალითი, რომელიც 30 წლის წინ იყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.
9 აპრილის მოვლენები და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული გმირები გაიხსენა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
9 აპრილის მოვლენების 30 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ეზოში, ფოტო გამოფენა - „მადლობა თავისუფლებისთვის“ მოეწყო. პარლამენტის წევრებმა და დამთვალიერებლებმა გამოფენაზე წარმოდგენილი 1998 წლის 9 აპრილის მოვლენების და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ისტორიული დოკუმენტების 70-მდე ფოტომასალა დაათვალიერეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას საბჭოთა არმიის დანაყოფების მიერ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
