ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კომპანია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.
როგორც მამუკა ღლონტმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას
აღნიშნა, „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მაესტრომ“ ვერ უზრუნველყო „სილქნეტის“ სათაო სადგურამდე სატელევიზიო სიგნალის მიტანა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი თქმით, საუბარი არა სიგნალის მიტანაზე, არამედ სიგნალის გარდაქმნაზეა.
ღლონტის განცხადებით, „სილქნეტს“ ტელეკომპანიის სიგნალის ბადეში ჩასასმელად სხვა ფორმატი აქვს.
„სიგნალი ჩვენგან მიეწოდებათ, უბრალოდ ისინი HD ფორმატზე არიან. აქ საუბარი არა სიგნალზე, არამედ, მის გარდაქმნაზეა, რაც „სილქნეტის“ პრეროგატივაა. კანონში არსად წერია, რომ ჩვენ საკაბელოებს HD სიგნალი უნდა მივაწოდოთ“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, „სილქნეტს“ სიგნალის გარდასაქმნელად საჭირო აპარატურა აქვს, უბრალოდ, მას „მაესტროს“ ჩართვის სურვილი არ აქვს და კანონს არღვევს.
„როგორ ჩართო საკაბელოების 95%-მა „მაესტრო“, თუ ჩვენ სიგნალს არ ვაწვდით. თუ საკაბელოს, რომელიც ამ ფორმატში მუშაობს, სიგნალის გარდაქმნა არ შეუძლია, ეს ზღაპრის ელემენტებია და მეტი არაფერი“ - აღნიშნა ღლონტმა.
იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ საკითხს არ გადაწყვეტს, ღლონტის თქმით, „მაესტრო“ „სილქნეტის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს.
კომპანია „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, იმის გამო, რომ „მაესტროს“ „სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის სათაო სადგურამდე მიტანის ტექნიკური საშუალება არ გააჩნია, „სილქნეტმა“ მზადყოფნა გამოხატა შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის მიწოდება უზრუნველყოს მხოლოდ იმ აბონენტებისთვის, ვისაც მათი სიგნალის მიღება შეუძლიათ.
Must Carry-ის პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი განათავსონ, ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამ დღეში, 3 აგვისტოს შევიდა.
