კომპანია „სილქნეტი“ Silk TV-ს ქსელში ჩასართავად ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ „სილქნეტის“
მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კომპანია Silk TV–ს ქსელში კანონით გათვალისწინებული ყველა სატელევიზიო არხის ჩართვის ვალდებულების შესასრულებლად მზადყოფნას აცხადებს.
„სილქნეტის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია და 65 000 აბონენტს მიეწოდება ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელმაც „სილქნეტს“ წერილობითი განცხადებით ყველაზე ადრე მიმართა და „სილქნეტის“ სათაო სადგურამდე სატელევიზიო სიგნალის მიტანა უზრუნველყო.
„ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტელეკომპანიებთან „თრიალეთი“ და „ოცდამეხუთე არხი“. მათი წარმომადგენლები „სილქნეტის“ ტექნიკოსებთან მუშაობენ და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს დღეებში Silk TV–ის ბადეში ამ ტელეკომპანიებსაც ვიხილავთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის წარმომადგენლების განაცხადებით, „მაესტროსთვის“ ქსელში ჩართვის პარამეტრები უკვე გადაცემული აქვთ.
როგორც „სინქნეტის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „მაესტროს“ ინფორმაციით, იმის გამო, რომ „სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის სათაო სადგურამდე მიტანის ტექნიკური საშუალება არ გააჩნია, „სილქნეტმა“ მზადყოფნა გამოხატა შეთავაზებული სტანდარტით სიგნალის მიწოდება უზრუნველყოს იმ აბონენტებისთვის მაინც, ვისაც მათი სიგნალის მიღება შეუძლიათ.
Must Carry-ის პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი განათავსონ, ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამ დღეში, 3 აგვისტოს შევიდა.
