პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს ხელმეორედ უყრიან კენჭს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, 5 აპრილის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. მმართველმა გუნდმა მიზეზად ტექნიკურ პრობლემა დაასახელა.
საპარლამენტო უმცირესობა ზოგადი განათლების კანონპროექტის ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდნას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
კანონპროექტით, იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.
