შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა
მემორიალს გვირგვინით შემაკობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღესვე ომის ოთხიწლისთავთან დაკავშიებით, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია გორის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღასრულებს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.
ლიტურგიის შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრებიან.
გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით კი, სოფელ შინდისში სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან და გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
დღესვე, ერისთავის სახელობის გორის თეატრი სპექტაკლს „ცხელი აგვისტო“ წარმოადგენს.
2008 წლის აგვიტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებები ტრადიციულად გორის ცენტრალურ მოედანზე „სანთლების აქციით“ დასრულდება.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.
