ლონდონის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 27 წლის მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ცხადაიამ ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა და მათგან სამი დამაჯერებლად მოიგო. მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა უნგრელ ტომაშ ლორინცთან.
ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში ცხადაიამ ორ სეტში აჯობა გერმანელ ფრანკ შტებლერს, ისევე როგორც პირველ ორ მოწინააღმდეგეს – შვეიცარიელ პასკალ შტრებელს და ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ ელღარაბის.
საქართველოს, ამ ეტაპზე, ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი. ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ვერცხლის მედალი ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა აიღო.
