ბახტაძე: არსებული თუ მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მშპ-ის 6 პროცენტი განათლებაზე მიმართოს
ბახტაძე: არსებული თუ მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მშპ-ის 6 პროცენტი განათლებაზე მიმართოს
14:39 04.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განათლების სფეროში როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 1 მილიარდით გაიზარდა განათლების ბიუჯეტი და წელს ის 1 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება, 2021 წელს – 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს გაუტოლდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს და შეადგენს 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს თანხა და ინვესტიციები მოხმარდება განათლების სექტორის ხუთივე დონეს – სკოლამდელ განათლებას, სკოლებში საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ აქტივობებს ამ მიმართულებით. პირადად მე ჩავალ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა კუთხეში, დასახლებულ პუნქტებში, შევალთ ყველა ქართულ ოჯახში, რომ ვისაუბროთ ჩვენს მოქალაქეებთან ამ ეროვნულ იდეაზე, მივიღოთ მათი რჩევები და რეკომენდაციები. ჩვენ გვექნება ღია პლატფორმა, მათ შორის ონლაინ რეჟიმში, სადაც მთავრობა მზად იქნება, მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა ყველას ჩართულობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა მიმართა პარლამენტს, აღნიშნული კანონპროექტი მოკლე ვადებში განიხილოს.
ბეჭდვა