ზოგადი განათლების სისტემის კომპლექსური შეფასების საკითხებზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა
ზოგადი განათლების სისტემის კომპლექსური შეფასების საკითხებზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა
15:54 02.04.2019
ზოგადი განათლების სისტემის კომპლექსური და მრავალვექტორიანი შეფასების საკითხებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მოსწავლეთა შეფასება და საგამოცდო სისტემები, სკოლების ავტორიზაცია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა.

საერთაშორისო სემინარი გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მესამე ფინალური მისიის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე, სამინისტროსა და სსიპ-ების თანამშრომლები, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, მისი მოადგილე გოტფრიდ ჰანე და OECD-ის ექსპერტები: ელისაბედ ფორდჰემი და რიჩარდ ლი ესწრებოდნენ.

ირინა აბულაძემ საქართველოს განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს. მან სამინისტროს წინაშე არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოყო, კერძოდ, სკოლამდელი და ზოგადი სასწავლო დაწესებულებების პედაგოგთა კვლაფიკაციის ამაღლება, განმავითარებელი შეფასების სისტემის დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემები, სკოლების ტექნოლოგიებით აღჭურვა, მათი ავტორიზაცია და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა. იგი "ახალი სკოლის მოდელსაც" შეეხო და მისი შინაარსობრივი კონცეფცია განმარტა.

OECD
-ის ექსპერტებმა საქართველოს განათლების სისტემის შესწავლის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომლებიც რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავდა.

ექსპერტების თქმით, უნდა შეიქნას შეფასების ეროვნული სტრატეგია, რომლის მიზნების მიღწევას სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს პედაგოგთა პროფესიული განვითარების მნიშვნელობას. მათი შეფასებით, მასწავლებელთა კორპუსი მინიმალურ პროფესიულ სტანტარს უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება სკოლების ავტორიზაციას, ეს პროცესი სკოლების მხარდაჭერასა და მათი საჭიროებების გამოკვეთაზე უნდა იყოს ორიენტირებული. გრძლევადიან პერსპექტივაში კი უნდა შეიქმნას ეფექტური სისტემა სკოლების თვითგანვითარების ხელშეწყობისათვის, რათა ისინი დეცენტალიზებულ, დამოუკიდებელ სისტემად ჩამოყალიბდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა  და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შორის 2018 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.

ბეჭდვა