არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული ცენტრის“ ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ხსოვნის საღამო - „გვახსოვს 8 აგვისტო“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ დემოკრატიული განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ გიგაურმა განუცხადა, დღევანდელი ღონისძიების მიზანი თანადგომის კიდევ ერთხელ გამოხატვაა.
მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიებით იმ ადამიანებს იხსენებენ, რომლებმაც 2008 წელს სამშობლოს შესწირეს თავი.
ღონისძიებაში ქართველი მომღერლები მერაბ სეფაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე და მამუკა ჩარკვიანი მონაწილეობდნენ.
„გადავწყვიტეთ დაღუპულთა რამდენიმე ოჯახს სიღნაღის ოთხდღიანი საგზური გადავცეთ საჩუქრად. ამ 4 დღის განმავლობაში მათ კახეთის სიწმინდეების მონახულების შესაძლებლობა ექნებათ“-განაცხადა გიგაურმა.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდება. ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
