წიგნის აკადემიის საგაზაფხულო სერიის პირველი 20 მონაწილე უკვე შეირჩა. ხვალ მათი პირველი შეხვედრა
თანამედროვე მწერალთან და კრიტიკოსთან დავით გაბუნიასთან შედგება, სადაც სტუდენტები პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს გაეცნობიან და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს დაესწრებიან.
კონრად ადენაუერის ფონდისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის "წიგნის აკადემია" მიზანია სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება და წერის კულტურის ამაღლება.
ახალი პროგრამის ფარგლებში მწერალი და კრიტიკოსი დავით გაბუნია სტუდენტებს პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს წარუდგენს და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს ჩაუტარებს; მწერლები - ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე და გურამ ოდიშარია კი საკუთარ შემოქმედებას განიხილავენ და ცენზურის, ოკუპაციისა და ძალადობის შესახებ ისაუბრებენ.
სამი თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებასდა მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რასაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.
პროექტის ბოლოს, თითოეული ავტორი გამოავლენს მისთვის საუკეთესო ნაშრომის ავტორს. პროექტის რჩეული 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრება, ყველა მონაწილეს კი მარიო ვარგას ლიოსას ღონისძიებეზე დასასწრები სპეციალური მოსაწვევი გადაეცემა.
პროექტის მონაწილე 20 კონკურსანტი ესეს "ცენზურა ლიტერატურაში" საფუძველზე შეირჩა.
"წიგნის აკადემია" 30 მარტს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. პროექტი ფარგლებში დაგეგმილი შვიდივე შეხვედრა ვაკის მედიათეკაში გაიმართება. კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ავტორები გამოავლენენ მათ რჩეულ ესსებს და მათ ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.
პროექტი "კონრად ადენაუერის ფონდისა" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით", "თბილისის მედიათეკების გაერთიანება" მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
