ირლანდიაში, საქართველოს საელჩოში, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში ლიტერატურული
პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა . ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნაწარმოები ირლანდიურ ენაზე ‘’Spill Simmer Falter Wither’’, რომელიც შემდგომ ფრანგულად ითარგმნა . წიგნის ავტორს, სარა ბაუმს კი ფრანკოფონიის სპეციალური პრიზი მიენიჭა.
ღონისძიებაზე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში. მან ასევე, ისაუბრა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებში მიღწეული შედეგებისა და მტკიცე ისტორიული კავშირებს შესახებ. გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს, უმაღლეს დონეზე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას- “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი“. ასევე, მან მოკლედ მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის დღის წესრიგი და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტები.
გიორგი ზურაბაშვილმა აუდიტორიას აცნობა, რომ მომავალ წელს, „პარიზის წიგნის გამოფენაზე“ საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას;
გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საკითხში განსაკუთრებული როლი აქვს საფრანგეთს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მედიატორი და საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდამჭერია.
ღონისძიებას ესრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საელჩოში საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ ქართული კულტურა და ლიტერატურა. სტუმრებს ასევე გააცნეს გამოფენა „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცელი."
