არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს
აქვეყნებს, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ეხება.
„აფბას“ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ბაჩანა ჯინჭარაძემ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გამოითხოვა, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932 სტუდენტს შეადგენს.
მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ბოლო 6 წელს შეეხებოდა (2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით), დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდება. თუ 2013 წელს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 21 704 იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 53 932 სტუდენტს შეადგენს. მათი რაოდენობა ორჯერ და მეტად გაზრდილია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ასევე საგრძნობი მატებაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მატება 8751 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეადგენს.
