„კოალიციამ სამართლიანობისთვის“ ეროვნულ მუზეუმს აგვისტოს ომის თემაზე ახალი ვიდეომასალა გადასცა
„კოალიციამ სამართლიანობისთვის“ ეროვნულ მუზეუმს აგვისტოს ომის თემაზე ახალი ვიდეომასალა გადასცა
12:11 07.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისთვის“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს 2008 წლის რუსული ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი ახალი ვიდეომასალა გადასცა.
როგორც „ნიუსპრესს“ „კოალიცია სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ თეა მაისურაძემ განუცხადა, კოალიციამ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით ვიდეოინსტალაციის შექმნა ნოემბერში გადაწყვიტა.
კოალიციამ მოიპოვა ფოტოები, სადაც მკაფიოდ ჩანს ქართული სოფლების ომამდე და ომის შემდგომი მდგომარეობა.
„ექსპონატი ვიდეო ინსტალაციის ფორმით შეიქმნა, რომელიც მნახველს მოუთხრობს, თუ რა მოხდა საქართველოში 2008 წელს. ასევე, როგორ გადაწვეს 16 სოფელი და გაანადგურეს სახლები, რათა ადამიანებს, რომლებიც იქიდან წამოვიდნენ სახლებში დაბრუნების საშუალება არასოდეს მისცემოდათ“ - განაცხადა მაისურაძემ.
მისი თქმით, ვიდეოინსტალაციის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის მიზანია - ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს ოკუპაციის ისტორიის გაცნობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინსტალაცია დოკუმენტურ ფაქტებზე დამყარებული მასალაა. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა განხორციელდა და ეს ადამიანები საკუთარ სახლებში ჯერ კიდევ ვერ ბრუნდებიან“ - აღნიშნა მაისურაძემ.
მისივე თქმით, ეთნიკური წმენდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, დაბრუნების უფლება კი, ყოველი ადამიანის უფლებაა.

ბეჭდვა