არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით პროექტი ამოქმედდა
არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით პროექტი ამოქმედდა
18:51 06.08.2012
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად სპეციალური პროექტის განხორციელება დაიწყო.
როგორც ცესკო იუწყება, პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობის საჭიროებების დადგენა“ განხორციელების მიზნით შერჩეულია 11 ზედამხედველი და 120 რეგისტრატორი, რომლებმაც შესაბამისი მომზადება გაიარეს.
ცესკო ერთ-ერთ პრიორიტეტად ამ კატეგორიის ამომრჩევლისთვის სრულფასოვანი საარჩევნო გარემოს შექმნას ასახელებს.
როგორც კოალიციაში „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ განაცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესწავლას და არჩევნებისას მათ გათვალისწინებას. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით „კარდაკარ“ გამოკითხვა ჩატარდება.
პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.

ბეჭდვა