საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის
მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი ფუნქცია დაემატა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის ახალ სამმართველოდ ჩამოყალიბდა.
დეპარტამენტის შექმნის დაპირება მიხეილ ბატიაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებს ცოტა ხნის წინ, საქართველს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის დროს მისცა.
მინისტრმა უცხოეთში მყოფ ქართველებს მიმართა, რომ ისინი ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის მიიღო სამინისტროში დიასპორის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება.
სამმართველო ორიენტირებული იქნება, მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მათ საჭიროებებზე.
საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას.
საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კოორდინაციას, სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების - შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამების და ა.შ. დოკუმენტების მომზადებას, საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებში სამინისტროს მონაწილეობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციასა და ა. შ. სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებაში ხელშეწყობას.
მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით.
გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები. ამასთანავე გაძლიერდება დისტანციური სწავლება. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გაძლიერდება ელექტრონული რესურსები.
