თბილისის მერი კახა კალაძე საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს
. დედაქალაქის მერმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით, ხარისხის გაუმჯობესება სთხოვა.
კახა კალაძემ შეხვედრაზე მერიის ინიციატივით დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პროექტების ხარისხიანად შესრულების პირობა დადეს.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორი ლაშა სამხარაძე დაესწრნენ.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტები ხარისხიანად განხორციელდება.
ამასთან, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციაში დახმარება ითხოვეს, რაზეც მაქსიმალური თანადგომის პირობა მიიღეს.
