რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად, დღეიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ხსოვნის კვირეული გაიმართება.
კვირეულის ორგანიზატორები არიან ფონდი „წითელი ყაყაჩო“ და გაზეთი „პრაიმტაიმი“.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.
ორგანიზატორების განცხადებით, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „საქართველოს მოპარული ისტორია“, რომელიც 11 აგვისტომდე გასტანს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1919 წელს ფრანგულ ჟურნალ „ლიმაჟში“ დაბეჭდილი საქართველოს კულტურის, არქიტექტურის, ბუნებისა და ისტორიის შესახებ მასალა.
ასევე, გამოიფინება დოკუმენტური მასალა და ფოტოები იმის შესახებ თუ რამდენად ინტეგრირებული იყო საქართველო ევროპასთან, კულტურის, ეკონომიკისა და განათლების სფეროში და რა დიპლომატიური კავშირები ჰქონდა მას.
გამოფენაზე შედგება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ფილმის „ნელი მოქმედების ნაღმების“ პრეზენტაცია. ფილმში მოთხრობილია 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის ისტორია, პარალელებია გავლებული 1921 წელსა და 2008 წლის მოვლენებს შორის.
კვირეულის ფარგლებში, „პრაიმტაიმის“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ ერთობლივად მომზადებული ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს გასაბჭოების თემას მიეძღვნება.
ჟურნალში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქების ხელოვნურად შექმნის შესახებ, წითელარმიელთა მოგონებებიდან ნაწყვეტები შევიდა.
ჟურნალი ასევე, მოიცავს საბჭოთა საგარეო პროპაგანდის ამსახველ მასალას და ქართველი პოლიტპატიმრებისა და მუშების წერილებს, რომლებიც 1921 წელს საქართველოდან რუსული არმიის გაყვანასა და ქართული ენისა და სახელმწიფოებრივი საზღვრების დაცვას მოითხოვდნენ.
7 აგვისტოს, 18:00 საათზე, "თიბისი" გალერეაში გამოფენა "მშვიდობა" გაიხსნება.
ხსოვნის კვირეული საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება.
