სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ინიციატივაზე იმსჯელეს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ინიციატივაზე იმსჯელეს
15:57 12.03.2019
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილ „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელეს.

ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანმა გააცნო.

ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ საქართველოს მთავრობა განისაზღვრება.

კომიტეტის წევრები მიესალმნენ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტს და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრიორიტეტულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სააგენტოს შექმნის საკითხთან დაკავშირებით, გუშინ კომიტეტის ინიციატივით ახალგაზრდობის მიმართულებებზე მომუშავე უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ კომიტეტში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების რეფორმაზე შესაბამის კონცეფციას და სამოქმედო გეგმას მოამზადებს. მისი განცხადებით, ახალგაზრდობის მიმართ დღემდე არაერთი გამოწვევა რჩება, როგორიცაა დასაქმება, თვითრეალიზება, განათლება და ყოველივე ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ღია და გამჭვირვალე პროცესით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, საინტერესო და მნიშვნელოვანი დისკუსიების გამართვა იგეგმება.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ასევე დეპუტატებმა კენჭი უყარეს უკვე განხილულ - „ბავშვთა უფლებათა კოდექსს“ და კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტი პრინციპების დონეზე მისაღებად მიიჩნიეს.
ბეჭდვა